საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის უნიკალურ ექსპონატთა საცავში, დღემდე ექსპონატები 70-იან წლებში დამონტაჟებულ რკინის ღია სტელაჟებზე ინახებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ვერცხლისა და ლითონის უძველეს ექსპონატებს. მათი შენახვისთვის განკუთვნილი ლითონის სტელაჟები მთლიანად შეიცვალა ინდივიდუალური კარადებით, რომლისთვისაც საჭირო ხის მასალა საგანგებოდ იქნა მოპოვებული მაღალმთიან ზონაში.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი "საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაცია და რეესტრის შექმნა". მსგავსი პროექტი პირველად გაკეთდა, რის შედეგადაც მოძიებულ იქნა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და კერძო, აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან არსებული მუზეუმების შესახებ, მომზადდა დაკონკრეტებული ანოტაციები საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის მიხედვით. შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ყველა მუზეუმზე შედგა მრავალპარამეტრიანი პასპორტი (მუზეუმის პროფილი, ადგილმდებარეობა, ინფორმაცია კოლექციებსა და განყოფილებებზე, ექსპონატთა რაოდენობასა და დაცულობაზე, მატერიალურ - ტექნიკურ მდგომარეობაზე და სხვ., მუზეუმისა და მთავარი ექსპონატების ფოტოებით).
საქართველოში ამჟამად სხვადასხვა პრიფილის 254 მუზეუმია.
პასპორტიზაციის პროცესში მოპოვებული მასალის საფუძველზე მომზადდა ბაზა საქართველოს მუზეუმების საინფორმაციო კომპიუტერული ბანკის შესაქმნელად და ინტერნეტში განსათავსებლად, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, ინფორმაციის გაცვლასა და ახალი კულტურული კონტაქტების დამყარებას.
აღნიშნული პროექტი მუზეუმების პასპორტიზაციისა და მათი რეესტრში შეტანის გარდა, მიზნად ისახავს თბილისის და საქართველოს მუზეუმების შესახებ ვებ-გვერდების შექმნას.

მესტიის მუზეუმში, სადაც ინახება შუა საუკუნეების ლითონმქანდაკებლობისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, პირველად დამონტაჟდა და ამოქმედდება ტემპერატურისა და ტენიანობის თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისი აპარატურა მისი თანმხლები სისტემებით.
 
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში სარდაფების განიავებისა და კლიმატური პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის საცავებისათვის, სადაც სხვადასხვა პერიოდის უნიკალურ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციებია დაცული (V-XIX სს. ქართული ხელნაწერები (9 000 ერთეულზე მეტი), მათ შორის 200 X-XVIII სს. ილუსტრირებული ხელნაწერი და 4 000 პალიმფსესტური ფურცელი. 4000 ხელნაწერი - რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ, არაბულ, სირიულ, ძველებრაულ ენებზე. 40000 X-XIX სს. ქართული ისტორიული დოკუმენტი. 3000 აღმოსავლური ხელნაწერი, გამოჩენილი მეცნიერის გოირგი წერეთლის პირად არქივში დაცული პაპირუსების მდიდარი კოლექცია, უცხო ენებზე არსებული 5000-მდე დოკუმენტი. ქართველ და რუს საზოგადო მოღვაწეთა, მწერალთა სწავლულთა პირად არქივებში დაცული 80000 ერთეული და ა.შ.). სამინისტრომ საგანგებოდ შეიძინა ჰაერმარეგულირებელი დამატებითი დანადგარები, რაც მნიშვნელოვანწილად გაზრდის ექსპონატთა დაცვის ხარისხს.
 
ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული დაზგური ფერწერის ნიმუშთა შენახვის პირობების ბიოლოგიური და ტექნიკური კვლევა, რომლის მიზანი მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაზიანებულ ექსპონატთა გამოვლენა, აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაა.
კვლევა ჩატარდა როგორც საექსპოზიციო ნაწილში, ისე ფონდებში დაცულ ნიმუშებზე, ამასთან, შესაბამისი სინჯები ექსპონატების გარდა აღებულ იქნა კედლებიდანაც. როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, დასნებოვნებულია მთელი შენობა. თითოეულ დაზიანებულ ექსპონატზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ბიოლოგიური ორგანიზმების ზრდის თანმიმდევრულ ეტაპებს, ფოტოებს, ცხრილებს და დეტალურ ვიზუალურ აღწერილობას.
აღნიშნული კვლევების საფუძვლზე მეთოდოლოგიურად განისაზღვრება ექსპონატთა შემდგომი დაცვისა და რესტავრაციის ხერხები და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის მიკრობიოლოგიური გასუფთავების სამუშაოები.
2004 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელშიც ერთიანი საგამოფენო და საგანმანათლებლო კონცეფციით, სარესტავრაციო ცენტრითა და განვითარების ერთიანი სტრატეგიით გაერთიანდა საქართველოს თერთმეტი უმნიშვნელოვანესი მუზეუმი.
 
სამინისტროს თანადგომით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაარსდა ერთიანი კონსერვაცია-რესტავრაციის ფაკულტეტი, რომელიც განთავსდა ყოფილი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შენობაში და მის ბაზაზე. ფაკულტეტის დაარსების მიზანია დარგის პრესტიჟულობის ზრდა და ახალგაზრდა თაობის დაოსტატება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
- შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონში დაფუძნდა ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი.
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის და სერგო ქობულაძის სახელობის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი.
|